სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

კრიზისების მართვა

2015-12-12 00:00

კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი

 

ქვეყანაში ეროვნული მასშტაბის კრიზისის ეფექტიანი მართვის კოორდინაციის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში შექმნილია კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული ეროვნული მასშტაბის ინციდენტის დროს, როდესაც  საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და საჭიროა მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, ცხადდება კრიზისული სიტუაცია - კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი გადადის პრემიერ მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში და ხდება ეროვნული სიტუაციური ოთახის გააქტიურება.

 

კრიზისული სიტუაციის მართვის სისტემა

მსოფლიოს ძირითად განვითარებულ ქვეყნებში კრიზისების მართვა ხორციელდება ოპერაციების დაგეგმვისა და მართვის სამდონიანი სისტემით, რაც მოიცავს სტრატეგიულ, ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებს. სწორედ ამ სქემით მიმდინარეობს  NATO-ს წევრი სახელმწიფოებისა და თავად ალიანსის ყველა სახის ოპერაციების მართვა. ეს მოდელი პრაქტიკულად უნივერსალურია, რადგან მისი მორგება ნებისმიერ ვითარებაზეა შესაძლებელი.

საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრისა და სამდონიანი სისტემის კონცეფციაზე მუშაობა ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობით 2014 წელს დაიწყო და 2015 წლისთვის დასრულებული სახე მიიღო.

    

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი ბრიტანული მოდელის, ე.წ. „COBRA“-ს მიხედვით შეიქმნა. ამავე დროს, ის სრულად მორგებულია ქართულ სპეციფიკას.

კრიზისების მართვის კონცეფციის მიხედვით, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში მოქმედებს კრიზისების მართვის სტრატეგიული და ოპერაციული დონეები, ხოლო უშუალოდ ინციდენტის ადგილზე ხდება მართვის ტაქტიკური დონის ორგანიზება.

http://92.51.96.188/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D2.jpg

 

კრიზისების მართვის სტრატეგიული დონე -  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით.  მის შემადგენლობაში შედიან საბჭოს მუდმივი წევრები (საქართველოს პრემიერ მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ფინანსთა მინისტრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში -  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი) და მოწვეული პირები (საჭიროების შემთხვევაში). აღნიშნულ დონეზე, საბჭო იღებს სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებებს, რაც აუცილებელია კრიზისული სიტუაციის მართვისა და სალიკვიდაციო სამუშაოების  ეფექტიანი განხორციელებისთვის.

კრიზისების მართვის ოპერაციული დონე - სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ანტიკრიზისული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კრიზისული სიტუაციის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინირებას. ანტიკრიზისული სამუშაო ჯგუფის უწყებრივი წარმომადგენლობა განისაზღვრება კრიზისის ტიპის შესაბამისად.

კრიზისების მართვის ტაქტიკური დონე - ერთი ან რამდენიმე უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ინციდენტის ადგილზე უშუალოდ ახორციელებს კრიზისული სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ტაქტიკურ ჯგუფს ენიშნება კოორდინატორი (ხელმძღვანელი), რომელიც არის სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე,  წამყვანი უწყების წარმომადგენელი (მაგ. ეპიდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს, წყალდიდობის დროს მუნიციპალიტეტის და ა.შ.).

ეროვნული სიტუაციური ოთახის შექმნის პროცესი

2014 წლის აპრილში შეირჩა კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის სიტუაციური ოთახის განთავსების ადგილი. 2014 წლის აგვისტოში შემუშავდა პროექტი; სექტემბრიდან დაიწყო ცენტრის სამშენებლო-სარემონტო და აღჭურვის სამუშაოები. ეროვნული სიტუაციური ოთახის მშენებლობა და გამართვა დასრულდა 2015 წლის დეკემბერში.

კრიზისული მდგომარების მართვის ეროვნული ცენტრისთვის, ელექტრონული სისტემების შერჩევა ბრიტანელი ექსპერტის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა.  

    http://92.51.96.188/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D4.jpg

 

ცენტრის მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა განახორციელა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“. სპეციალური პროგრამა ცენტრში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციის და გაანალიზების საშუალებას იძლევა. მიღებული მონაცემები პრემიერ მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებს მიეწოდება.

http://92.51.96.188/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D5.png

 

ეროვნული სიტუაციური ოთახის მუშაობის სპეციფიკა

ეროვნული სიტუაციური ოთახის გააქტიურება ხდება კრიზისული სიტუაციის დადგომის შემთხვევაში, მისი შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის მიზნით.

 

 


ეროვნული სიტუაციური ოთახი - ეს არის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, საიდანაც კრიზისის მართვა ხორციელდება.  შექმნილია საერთო სივრცე და ყველა პირობა სხვადასხვა უწყების 100-მდე თანამშრომლის მუშაობისთვის, რაც აუმჯობესებს მართვის და კოორდინაციის ხარისხს.უახლოეს პერიოდში მოხდება მონაცემთა ბაზების ინსტალაცია, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების, ტექნიკის და სხვა საშუალებების  შესახებ. ეს ხელს შეუწყობს რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენებას.

 

თანამედროვე აპარატურა ინციდენტების ადგილიდან ინფორმაციის (მათ შორის ვიდეო-აუდიო სიგნალების) ოპერატიულად გადმოცემის საშუალებას იძლევა, რაც გაამარტივებს   გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

 

ეროვნული სიტუაციური ოთახი დაყოფილია შემდეგ თემატურ ჯგუფებად:

 

ერთიანი საინფორმაციო სურათის ჯგუფი

  • სხვადასხვა ფუნქციური მიმართულებების მიხედვით აგროვებს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას და ამზადებს ერთიან საინფორმაციო სურათს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისთვის.

პირველადი რეაგირების მართვის ჯგუფი

  • ახორციელებს მორეაგირე ქვედანაყოფების მართვას სტრატეგიულ დონეზე; ანაწილებს ძალებს და საშუალებებს პრიორიტეტების მიხედვით; ახორციელებს ერთიანი საინფორმაციო ჯგუფის ინფორმირებას განვითარებული მოვლენების და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

შედეგების დაძლევის ჯგუფი

  • ახორციელებს აღდგენითი სამუშაოების კოორდინაციას. უზრუნველყოფს  მოსახლეობის ნორმალური ყოფის და ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების აღდგენით ღონისძიებებს.

ოპერატიულ-სადაზვერვო ჯგუფი

  • შესაბამისი უწყებებიდან იღებს ოპერატიულ და სადაზვერვო ინფორმაციას ერთიანი საინფორმაციო სურათის შესაქმნელად და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისთვის წარსადგენად (ჯგუფის გააქტიურება ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში).

თავდაცვის ჯგუფი

  • ჯგუფი კოორდინაციას უწევს საჯარისო რესურსების მობილიზებას და უზრუნველყოფს მათ გადანაწილებას სამოქალაქო ძალებისა და საშუალებების დასახმარებლად (ჯგუფის გააქტიურება ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და შესაბამისი პროცედურების მიხედვით).

მედია  ჯგუფი

  • აწარმოებს მედიასაშუალებების მონიტორინგს და ახდენს ერთიანი საინფორმაციო ჯგუფის ინფორმირებას; ამზადებს პრეს-რელიზებს და მთავრობის ოფიციალურ განცხადებებს.

 

თემატური ჯგუფების დანიშნულება

კრიზისული სიტუაციის დროს   ეროვნული სიტუაციური ოთახი:

  • უწყვეტ რეჟიმში იღებს ინფორმაციას  შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ქვეყანაში მომხდარი ბუნებრივიტექნოგენური თუ ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული ინციდენტების შესახებ;
  • უზრუნველყოფს შემოსული საინფორმაციო ნაკადის ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას გადაწყვეტილების მიმღებთათვის;
  • უზრუნველყოფს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაციას.

 

მობილური ცენტრი

კრიზისული სიტუაციის დროს, ეპიცენტრში ან მის სიახლოვეს განთავსდება მაღალი გამავლობის სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, რომელსაც გააჩნია ეროვნულ სიტუაციურ ოთახთან მუდმივი კავშირის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება.

მობილური ცენტრი აღჭურვილია აუცილებელი ტექნიკური ბაზით  და მისი გამოყენებით ახორციელებს კრიზისული სიტუაციის ადგილზე მართვას. მობილურ ცენტრს გააჩნია ყველა ტიპის კომუნიკაციის საშუალება, მათ შორის - დახურული და ღია რადიოკავშირი.

მობილური ცენტრი ეროვნულ სიტუაციურ ოთახს პირდაპირ რეჟიმში მიაწვდის უპილოტო საფრენი აპარატით გადაღებულ აუცილებელ ვიზუალურ მასალას.  

 

    

 

კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით დაამტკიცა კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით მომზადდა, განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე არსებული, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკების და გამოწვევების შემცირების ღონისძიებებს და ადგენს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის მიზანია ერთიანი, მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა ერთიანი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას. აღნიშნული სისტემა ეყრდნობა მთავრობის ერთიან მიდგომას და სრულ შესაბამისობაშია  საერთაშორისო სტანდარტებთან. ამავდროულად, კატასტროფის რისკის შემცირების ერთიანი სისტემა ორიენტირებულია ადამიანთათვის საცხოვრებელი და საქმიანობის უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნაზე და ქვეყნისა და ეროვნული ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე.

კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დოკუმენტის ამოცანაა „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტში“ იდენტიფიცირებული – საქართველოს წინაშე მდგარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის (წყალდიდობების და წყალმოვარდნების საფრთხე, მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული მოვლენების საფრთხე, ბიოლოგიური საფრთხეები, მიწისძვრების საფრთხე, სეტყვის საფრთხე, ზვავების საფრთხე, ძლიერი ქარების საფრთხე, ტყის და ველის ხანძრების საფრთხე, ქიმიური საფრთხეები, წყლისმიერი ეროზიული პროცესების საფრთხე, გვალვის საფრთხე, ჰიდროდინამიკური ავარიების საფრთხე და ა.შ.) შემცირება და შესაძლო ზიანის შემსუბუქება.