სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

ზოგადი ინფორმაცია

2016-02-29 20:37

უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა

საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანეს ამოცანათა კატეგორიას განეკუთვნება.  უსაფრთხოების უზრუნველყოფა უკავშირდება ქვეყნის წინაშე მდგარი რისკებისა და გამოწვევების დროულ იდენტიფიცირებას, ზუსტ შეფასებას და მათი პრევენციის მიზნით სწორი პოლიტიკის შემუშავებას, რაც უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესის შემთხვევაშია შესაძლებელი.

შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა კომპლექსური პროცესია, რომელიც რამდენიმე საფეხურისგან შედგება და რეგულირდება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად სფეროებს მიეკუთვნება:

  • სახელმწიფო თავდაცვა;
  • საგარეო უსაფრთხოება;
  • შიდა უსაფრთხოება;
  • სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება;
  • ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოება;
  • მართლწესრიგი.

 

უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის უმთავრეს საფეხურს წარმოადგენს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესი.

ეს დოკუმენტებია:

- ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;

- საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;

- უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტია, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს უსაფრთხო განვითარების ხედვას და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კონცეფციას შეიმუშავებს მთავრობა და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს საფრთხეებს. მასში საფრთხეები შესაბამისი სფეროების მიხედვით გაწერილია და შეფასებულია კონკრეტული მეთოდოლოგიით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია  უსაფრთხოების პოლიტიკის სწორი დაგეგმვისთვის;

უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია მუშავდება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნების მისაღწევად. სტრატეგია უნდა ასახავდეს უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას უნდა ჰქონდეს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას.