სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრა

2017-11-08 12:07 | სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი და საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ მოდებაძე ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა შეხვედრის მიზანია დაეხმაროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კატასტროფებით მიყენებული ზარალის (DRR) შემცირების ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის შიგნით დანაკარგების მონაცემების შეგროვებას და მის გამოყენებას. განსაკუთრებით, აქცენტი კეთდება SENDAI ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებული  კატასტროფებით მიყენებული ზარალის (DRR) შემცირების ინდიკატორების მონიტორინგის და იმპლემენტაციის მექანიზმებზე.

ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრა ევროკომისიის ორგანიზებით 6-8 ნოემბერს იმართება ქ. ბრიუსელში (ბელგია) და მასში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 100-მდე ექსპერტი მონაწილეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და განიხილეს ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის დათვლის მეთოდოლოგიასთან და კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები.

ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება იქნა მიღწეული პორტუგალიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან და სლოვენიასთან.